reklama
reklama
  • :

აგრესიული ქცევის მართვა ბავშვებში

ანა ბარქაია – ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრი, ქცევის ანალიზის მიმართულებით. ამერიკის ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ სერთიფიცირებული ქცევის ანალიტიკოსი.

ტერმინი „აგრესია“ აერთიანებს ქცევათა მრავალფეროვან ჯგუფს, რომელიც სხვისთვის ან საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენებისკენაა მიმართული. აგრესიული ქცევა მრავალგვარია და ის შეიძლება გამოხატული იყოს, როგორც მსუბუქი (მაგ, ხმამაღლა საუბარი) ასევე უკიდურესად მწვავე ფორმით (დანით ან სხვა სახის იარაღით ზიანის მიყენება). აგრესიულ ქცევას მიეკუთვნება შემდეგი მოქმედებები: საკუთარი თავის ან სხვების (თანატოლები, უფროსები, ოჯახის წევრები და სხვა) დაზიანება (ხელის ან ფეხის ჩარტყმით, ნივთების სროლით), ვერბალური მუქარა, ჟესტური მუქარა, ტანტრუმი, ასევე სხვების ან საკუთარი ნივთების დაზიანება. სხვადასხვა სახის აგრესიული ქცევა უფრო მეტად ვლინდება განვითარებისა და ინტელექტულური დარღვევების მქონე ბავშვებში. თუმცა ის ტიპური განვითარების მქონე ბავშვებშიდაც გხვდება. კვლევების მიხედვით აგრესიული ქცევა უფრო მეტად ვლინდება ვაჟებში, ვიდრე გოგოებში. აგრესიული ქცევის გამოვლენა ასაკის მატებასთან ერთად მცირდება, თუმცა კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ აგრესიული ქცევა სტაბილური სახით ვლინდება მოზრდილობაშიც.

– რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ბავშვის აგრესიული ქცევა, თუ არ მოხდება ასეთი ქცევის ეფექტური მართვა ?

აგრესიული ქცევა საფრთხის შემცველია, როგორც იმ პირისათვის ვინც ასეთ ქცევას ახორციელებს, ასევე გარშემომყოფთათვისაც. გამოვლენილი აგრესიული ქცევის გამო ხდება ბავშვის სტიგმატიზაცია და სოციალური იზოლაცია. ხშირად ფერხდება მისი სასწავლო პროცესში ჩართვა, იმის გამო, რომ სკოლა ვერ უმკლავდება, ან არარის მზად ეფექტურად მართოს მოსწავლის აგრესიული ქცევა. როდესაც სკოლა უარს ამბობს აგრესიული ქცევის მქონე ბავშვის მიღებაზე, ამით ზარალდება თავად ბავშვი. ხშირად თანატოლები თავს არიდებენ აგრესიული ქცევის მქონე ბავშვთან კომუნიკაციას და სოციალურ ურთიერთობას, საბოლოოდ კი ეს ყველაფერი ბავშვის საზოგადოებასთან ინტეგრაციაზე უარყოფითად აისახება. ბავშვი შესაძლოა ავლენდეს თვითდამაზიანებელ ქცევებს. ასეთ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ ის საფრთხეს შეუქმნის საკუთარ ჯანმრთელობას. მეორეს მხრივ, ბავშვის მიერ გამოვლენილი აგრესიული ქცევა საზიანოა გარშემომყოფთათვისაც. ისინი ფიზიკური თუ ემოციური ზიანის მიყენების საფრთხის ქვეშ იმყოფებიან.
იმისათვის, რათა თავიდან ავირიდოთ სირთულეები, რაც აგრესიული ქცევის გამოვლენას მოყვება, მნიშვნელოვანია შესაბამისი თერაპიის განხორციელება. კვლევების მიხედვით, თერაპიის ადრეულ ეტაპზე დაწყება და ჩარევის მაღალი ინტენსიობა განსაზღვრავს მის ეფექტურობას.

– როგორია კვლევის შედეგები ამ მიმართულებით ჩვენთან და დასავლეთში ?

აგრესიული ტიპის ქცევების მართვა დიდი ხანია კვლევის საგანს წარმოადგენს. ლიტერატურა აღწერს ისეთ მიდგომებს როგორიცაა: მედიკამენტოზური მკურნალობა, ფსიქო- კონსულტირება, ფსიქოთერაპია, სენსორული ინტეგრაციაზე დაფუძნებული თერაპია. თუმცა აგრესიული ქცევის მართვისას გამოყენებული მიდგომების ეფექტურობაზე ყველაზე დიდი მტკიცებულება მოიპოვა ქცევითმა თერაპიამ, რომელიც ეფუძნება ფსიქოლოგიურ მიმდინარეობას- ქცევის გამოყენებით ანალიზს.
ქცევის გამოყენებითი ანალიზი არის მეცნიერება, რომელიც დასწავლის პრინციპების საფუძველზე შეიქმნა და შეისწავლის გარემოში არსებულ იმ ფაქტორებს, რომლებიც ადამიანების ქცევის ჩამოყალიბებას განაპირობებს. ქცევის გამოყენებითი ანალიზის მთავარი მიზანია გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრების ხარისხი და ხელი შეუწყოს მათ კეთილდღეობას. ქცევის გამოყენებითი ანალიზით ხდება, როგორც სოციალურად მისაღები ქცევების სწავლება, ასევე კოგნიტური, სოციალური და კომუნიკაციური უნარების გაუმჯობესება, თვით-კონტროლის, ბრაზის მართვის სტრატეგიების, რელაქსაციის სწავლება, ამა თუ იმ ტიპის პრობლემების გადაჭრა და სხვა.

ქცევის გამოყენებითი ანალიზის მიხედვით, აგრესიული ქცევა, ისევე როგორც ქცევის სხვა სახეები არის დასწავლის შედეგი, რომელთა გამოვლენასა და ფორმირებაში რამდენიმე ფაქტორი მონაწილეობს. ასეთი ფაქტორები შესაძლოა იყოს ქცევის წინმსწრები რაიმე მოვლენა ან ქცევის თანმდევი შედეგი. მაგ. ბავშვის აგრესიული ქცევის პროვოცირება შესაძლოა მოახდინოს უფროსის საყვედურმა ან უარყოფითმა რეპლიკამ. უარყოფით რეპლიკაზე ბავშვის რეაქცია შესაძლოა იყოს ბრაზის ემოცია და გამოვლინდეს ამა თუ იმ აგრესიული ქცევის ფორმით. ასეთ შემთხვევაში ჩარევის სტრატეგია იქნება მისთვის ბრაზის მართვის ტექნიკების სწავლება.

რაც შეეხება შედეგებით ფორმირებულ აგრესიულ ქცევას, წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: ბავშვი ითხოვს სასურველ ნივთს, თუ ის მას ვერ მიიღებს გადადის სიტყვიერ მუქარაზე. თუ ამანაც არ გაჭრა, ამის შემდეგ იწყებს მშობელზე ხელის გარტყმას, რის შემდეგაც მშობელი ნებდება. შესაძლოა ამ დროს ისინი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას იმყოფებოდნენ და უხერხული სიტუაციის თავიდან ასარიდებლად მშობელმა მისცეს ბავშვს ის ნივთი რასაც აგრესიული ქცევით ითხოვდა. თუ ამგვარი ქცევა (ხელის გარტყმა) ბავშვს ეხმარება სასურველი ნივთის მიღებაში, ბუნებრივია ბავშვი მას სასურველი ნივთის მისაღებად ყოველთვის გამოიყენებს. ხშირად, სახლის გარემოში მშობლები ცდილობენ აგრესიული ქცევის ამა თუ იმ ფორმის გამოვლენის დროს ბავშვს არ დაუკმაყოფილონ ის სურვილი, რის მიღებასაც ბავშვი ამ ქცევით ცდილობს, რის შემდეგაც ბავშვის ქცევა უფრო მეტად მწვავდება და შეიძლება უკიდურესად სახიფათო გახდეს გარშემომყოფთათვის. შესაძლო რისკის თავიდან ასაცილებლად მშობლები ნებდებიან და უნებურად ბავშვის აგრესიის უფრო მწვავე ფორმის ჩამოყალიბებაში იღებენ მონაწილეობას.

მრავალწლიანი კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ აგრესიული ქცევის შედეგები რომლებიც ამ ქცევის შენარჩუნებას უწყობს ხელს შეიძლება იყოს სხვადასხვა:
ყურადღება – აგრესიული ტიპის ქცევას ბუნებრივია უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ. როდესაც ბავშვი თანატოლს ურტყამს ან ემუქრება ასეთ ქცევას ვერ დავაიგნორებთ. ასევე უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ ბავშვის სხვა რისკის შემცველ მოქმედებას და ჩვენდაუნებურად გვიწევს ასეთ ქცევაზე ყურადღების გამახვილება, რაც სხვადასხვა სახით შეიძლება გამოვლინდეს, მაგ. საყვედური, ან ხვეწნა, რომ შეწყვიტოს ქცევა, ხელით შეკავება, რაიმე მითითების მიცემა, ბავშვზე მიმართული სახის ნებისმიერი გამომეტყველება, ბავშვთან თვალებით კონტაქტის დამყარება და სხვა.

სასურველ ნივთზე ან აქტივობაზე ხელმისაწვდომობა – ხშირად ბავშვები აგრესიულ ქცევას რაიმე ნივთის მისაღებად ან სასურველი აქტივობის დასაწყებად მიმართავენ. მაგ. ბავშვს უკრძალავენ კომპიუტერთან თამაშს, რის შემდეგაც ის მშობლებს ემუქრება სახლში არსებული ძვირადღირებული ნივთების დამტვრევით. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, რომ მშობლები შესაძლოა დანებდნენ და მისცენ მას კომპიუტერით თამაშის ნება.
არასასურველი აქტივობის არიდება ან თავიდან მოშორება – აგრესიული ქცევით შესაძლოა ბავშვმა მისთვის არასასურველი აქტივობები აირიდოს თავიდან. მაგ. თუ დავალების შესრულება მის ძალებს აღემატება, ან მისთვის უინტერესო და მოსაწყენია, ბუნბრივია ის ყველა ხერხს მიმართავს რათა ამ დავალების შესრულებას თავი აარიდოს. თუ ბავშვი სიტყვიერად, სოციალურად მისაღები ფორმით ითხოვს დავალების შეწყვეტას და მას სურვილს არ უკმაყოფილებენ, ის ცდის სხვა სტრატეგიას, რაც შეიძლება იყოს აგრესიული ქცევა. სკოლაში აგრესიული ქცევის ამა თუ იმ ფორმის გამოლენის შემთხვევაში მასწავლებლები ხშირად საკლასო ოთახიდან უშვებენ ბავშვს, რის შედეგადაც ბავშვი სწავლობს, თუ როგორ დააღწიოს თავი მისთვის უსიამოვნო საგაკვეთილო პროცესს.
არასასურველი შეგრძნებების არიდება – ხშირად აგრესიული ქცევა არასასურველი შეგრძნებების თავიდან არიდებას ემსახურება. მაგალითად, განვითარების დარღვევების დროს, ყვირილით ბავშვი შესაძლოა ირიდებდეს ხმაურს, ხელის თავში ჩარტყმით კი უსიამოვნო ფიზიკურ შეგრძნებებს.
თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში რამდენიმე წელია გაიხსნა შესაბამისი პროფილის ცენტრები. სადაც ქცევით სირთულეებზე მუშაობა მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომით, ქცევითი თერაპიით მიმდინარეობს.

– რამდენადაა ბავშვის აგრესიული ქცევის მართვა ეფექტური დასჯითა და სხვა ძალისმიერი მეთოდებით ?

ქცევის გამოყენებითი ანალიზი არ ემხრობა აგრესიული ქცევის მართვას დასჯის მეთოდების გამოყენებით. დასჯა, რომელიც გულისხმობს ბავშისთვის ფიზიკური ან ემოციური ზიანის მიყენებას არის არაეთიკური. ქცევითი თერაპია კატეგორიულად უარყოფს ამგვარი მეთოდების გამოყენებას. ამასთან დასჯა არ ასწავლის ბავშვს სოციალურად მისაღებ ქცევას. პირიქით, იწვევს საპასუხო უარყოფით რეაქციას, რაც ისევ აგრესიული ქცევის სახით შეიძლება გამოვლინდეს. ჩარევის მიზანი უნდა იყოს არა აგრესიულ ქცვაზე დამსჯელი პასუხი, არამედ მისი ჩანაცვლება სოციალურად მისაღები ქცევით.

– როგორი ფორმით და რა გარემოში უნდა ხდებოდეს ბავშვის აგრესიული ქცევის მართვა ?

პირველ რიგში გასათვალისწინებელია, ვინ ახორციელებს ჩარევას, რამდენად გამოცდილია თერაპევტი და მის მიერ გამოყენებული ჩარევის სტრატეგიები რამდენად ეთიკურია.?! ქცევის გამოყენებითი ანალიზი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ეთიკური ნორმების დაცვას და უარყოფს ისეთი ტიპის ჩარევას, რომელიც ბავშვისა თუ მისი ოჯახის ღირსებას შელახავს. ჩარევის დაწყებამდე უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: რამდენად მისაღებია ბავშვისა, თუ მისი ოჯახისთვის გამოყენებული ჩარევის სტრატეგიები. რამდენად აკმაყოფილებთ მათ მიღწეული შედეგები. თერაპიული გარემო აუცილებლად უნდა იყოს ბავშვის მიმართ კეთილგანწყობილი და მის საჭიროებებზე მორგებული, ასევე განმამტკიცებლებით (ბავშვის საყვარელი ნივთები და აქტივობები) გაჯერებული. ქცევის აგრესიული ფორმების მწვავე ბუნებიდან გამომდინარე ხშირად ჩარევა იწყება კლინიკაში ან შესაბამისი პროფილის ცენტრში, ქცევითი თერაპევტების მიერ, რადგანაც ქცევით თერაპევტებს აქვთ მიღებული შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. ცენტრის გარემოც შესაბამისადაა მოწყობილი. შემდეგ კი ხდება მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრებისთვის, ან პედაგოგებისთვის ქცევის მართვის ტექნიკის სწავლება. არის შემთხვევები, როდესაც ჩარევა იწყება ისეთ გარემოში, სადაც ქცევა რეალურად ვლინდება, მაგ. სკოლა ან სახლი, თუმცა ასეთ შემთხვევაში ჩარევის პროცესს, კვალიფიციური ქცევის მართვის სპეციალისტი უნდა უწევდეს სუპერვიზიას.

– რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის აგრესიული ქცევის შესამცირებლად ქცევის პოზიტიური მართვის მეთოდების გამოყენება ?

კვლევები მხარს უჭერს აგრესიული ქცევის მართვის პროცესში პოზიტიური სისტემების გამოყენებას. რაც გულისხმობს ქცევის ფუნქციაზე დაფუძნებული ჩარევების განხორციელებას. ამგვარი ჩარევის დროს პირველ ეტაპზე ხდება აგრესიული ქცევის ფუნქციის დადგენა (თუ რა შემანარჩუნებელი ფაქტორები მოსდევს ქცევას შედეგის სახით), შემდეგ კი ხორციელდება ბავშვისთვის იგივე ფუნქციის მქონე სოციალურად უფრო მისაღები ქცევის სწავლება.
პარალელურად კი მიმდინარეობს ამა თუ იმ ფორმით გამოვლენილი აგრესული ქცევის ჩაქრობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვი აგრესიული ქცევით ვერ აღწევს სასურველ შედეგს. თუმცა იგივე შედეგებს აღწევს მხოლოდ სოციალურად მისაღები ანუ ჩამანაცვლებელი ქცევის გამოვლენის შემდეგ. უნდა გავითვალისწინოთ რომ, რაც უფრო ნაკლები ძალისხმევა დასჭირდება ჩამანაცვლებელი ქცევის გამოსავლენად ბავშვს, უფრო სწრაფი და მარტივი იქნება დასწავლის პროცესი. თუ ჩამანაცვლებელი ქცევა ბავშვისთვის რთული განსახორციელებელია, ბუნებრივია, რომ ბავშვი ისევ ძველ სტრატეგიას მიანიჭებს უპირატესობას და აგრესიული ქცევა აღარ ჩაქრება.

ჩამანაცვლებელი ქცევის დასასწავლად გამოიყენება სხვდასხვა ტექნიკა: მოდელირება, რაც გულისხმობს განსახორციელებელი ქცევის დემოსნტრირებას; ფიზიკური დახმარება ქცევის განხორციელების დროს; სიტყვიერი მითითება ქცევის გამოსავლენად და სხვა. მნიშვნელოვანია სწორად იქნას შერჩეული განმამტკიცებლები. ბავშვის მიერ სასურველი ქცევის თუნდაც მიახლოებული ფორმის გამოვლენის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მივაწოდოთ მას განმამტიცებელი. ჩარევის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე გარემოს მართვას. უკიდურესად მწვავე აგრესიული ხასიათის მქონე ქცევის დროს, რაც სხვებისთვის ან თავად ქცევის განმახორციელებელი პირისთვის არის საზიანო, მნიშვნელოვანია გარემოში იმ ნივთების მოშორება, რასაც ბავშვის აგრესიული მოქმედების პროვოცირება შეუძლია. ამგვარად, აგრესიული ქცევის არიდება არის შესაძლებელი, თუმცა პარალელურად უნდა გაგრძელდეს ქცევის ფუნქციაზე დაფუძნებული ჩარევების განხორციელება.

– რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის აგრესიული ქცევის მართვაში ოჯახის წევრების, აღმზრდელების თუ პედაგოგების ჩართულობა ?

აგრესიული ქცევის მართვისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩარევა მიმდინარეობდეს არა მხოლოდ კლინიკის გარემოში, არამედ ბუნებრივ გარემოშიც. იქ სადაც ქცევა რეალურად ვლინდება, ეს არის სკოლა და სახლი. ქცევის მართვა გულისხმობს, რომ ერთნაირი რეაგირება მოვახდინოთ ქცევის გამოვლენაზე ნებისმიერ გარემოში. მაგალითად, თუ კლინიკაში ხდება ქცევის ჩაქრობა, სკოლაში კი პირიქით განმტკიცება, ცხადია შედეგს ვერ მივიღებთ. ამასთან ბუნებრივ გარემოში ჩარევის განხორციელებით ხელს ვუწყობთ დასწავლილი უნარების განზოგადებას, რის შედეგადაც ბავშვი სწავლობს, რომ მისი გარემომცველი სამყარო არის თანმიმდევრული და ყველას ერთნაირი მოლოდინი აქვს მის მიმართ. ბავშვის აგრესიულმა ქცევამ ყველა სიტუაციაში უნდა დაკარგოს თავისი ფუნქცია, სანაცვლოდ კი მის ირგვლივ არსებულმა გარემომ მხარი უნდა დაუჭიროს მის პოზიტიურ ქცევას. ბევრი კვლევა აღწერს თუ როგორი ეფექტურია თერაპიული ჩარევა მშობლებისა და პედაგოგების ჩართულობის შემთხვევაში. დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათ სუპერვიზიას ასევე ემოციურ მხარდაჭერას და ჩარევის პროცესის მეთვალყურეობას.

– რა რჩევებს მისცემდით მშობლებს, რა უნდა გაითვალისწინონ ბავშვის აგრესიული ქცევის მართვის დროს ?

თუ ბავშვი ავლენს აგრესიული ქცევის ამა თუ იმ ფორმას, პირველ რიგში დაფიქრდით რის მიღწევას ცდილობს ის ასეთი ქცევით? რა „მესიჯს“ აგზავნის თქვენთან? როგორია თქვენი რეაქცია ამ ქცევების გამოვლენის შემდეგ? რა უძღვის ამ ტიპის ქცევას წინ? როდის და ვისთან ვლიდნება ეს ქცევა? ამ კითხვებზე პასუხი დაგეხმარებათ განსაზღვროთ, თუ რა ახდენს არასასურველი ქცევის შენარჩუნებას და შეძლებთ შესაბამისად განახორციელოთ რეაგირება.
ასევე, გახსოვდეთ რომ, რაც უფრო ადრე დაიწყებთ ჩარევას, შედეგი იქნება უფრო ეფექტური. თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ ქცევის მართვას, აუცილებლად მიმართეთ ქცევის მართვის სპეციალისტს, რომელიც დაგეხმარებათ ქცევის ფუნქციის განსაზღვრაში და შესაბამისი ჩარევის პროგრამის განხორციელებაში.
ქცევის გამოყენებითი ანალიზის მთავარი ფილოსოფია მდგომარეობს შემდეგში: თუ ქცევას სასურველი შედეგი მოჰყვება ის მომავალშიც აუცილებლად გამოვლინდება. ამ ფაქტის გათვალისწინებით და ჩარევის სწორი ტექნიკის არჩევით, ნებისმიერი სასურველი ქცევის ფორმირება არის შესაძლებელი.

წყარო: http://geopsychology.org


20-11-2017, 16:46

953

უკანასკნელი სიახლეები