reklama
reklama
  • :

აგრესიული ქცევა მოზარდებში

ნინო ლაბარტყავა – ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი.

დღეს, განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ მოზარდების აგრესიული ქცევის შესახებ. აგრესიული ქცევა შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული. ერთნი შესაძლოა მეორეს ზიანს აყენებდნენ საკუთარი იმიჯის დასაცავად ან იმისათვის, რათა საკუთარ უპირატესობას გაუსვან ხაზი. სხვებისათვის კი აგრესიული ქცევა შეიძლება ფლუსტრაციისაგან განტვირთვის საშუალება იყოს. არსებობს მოსაზრება, რომ ზოგჯერ მოზარდები აგრესიულ ქცევას ყურადღების მიპყრობის მიზნით მიმართავენ და მისი ფარული მოტივი შეიძლება დახმარების თხოვნა იყოს, რის უკანაც უსუსურობის განცდა, შიში ან საკუთარ თავში დაურწმუნებლობა იმალება.

ყოველდღიურ ცხოვრებაში სიტყვას ,,აგრესია” ვიყენებთ ქცევათა ფართო სპექტრის აღსანიშნავად, ცინიკური კომენტარებიდან დაწყებული, ძალადობის ფაქტებით დამთავრებული. ფსიქოლოგები ცნება ,,აგრესიის” ქვეშ ისეთ ქცევას მოიაზრებენ, რომელიც სხვა ადამიანისთვის ზიანის მიყენებისკენაა მიმართული.
ამ განმარტების ქვეშ სამი კომპონენტი მოიაზრება:

1. აგრესია – ქცევის ფორმაა და არა ბრაზის ემოცია, რაც ზოგჯერ აგრესიად განიხილება. ჩვენ შეიძლება ვიყოთ გაბრაზებულნი, მაგრამ არ მოვიქცეთ ემოციის შესაბამისად. აგრეთვე, შეიძლება სულაც არ განვიცდიდეთ ბრაზს, მაგრამ სხვას მაინც მივაყენოთ ზიანი.

2. აგრესიული ქცევა წინასწარ განზრახული და მიზანმიმართულია. თუ ვინმეს ტკივილს წინასწარი განზრახვის გარეშე აყენებთ, ეს არ განიხილება აგრესიად. თქვენ შეიძლება გაეხუმროთ მეგობარს და იუმორს მოკლებულ ადამიანს ეს ეწყინოს. ასეთ შემთხვევაში თქვენ სულაც არ გქონდათ განზრახული მისთვის ტკივილის მიყენება.

3. აგრესიული ქცევა სხვისთვის ზიანის მიყენებისკენ არის მიმართული და განსხვავდება ქცევისგან, რომელიც საკუთარი უფლებების დაცვას ან თავდაჯერებულობის გამოხატულებას წარმოადგენს.

ფსიქოლოგები განასხვავებენ პირდაპირ და ირიბ, ემოციურსა და ინსტრუმენტულ აგრესიას.

ირიბი აგრესია არ მოიაზრებს ადამიანისადმი პირისპირ ზიანის მოტანას, ეს შეიძლება იყოს ჭორების მოგონება ან გავრცელება მეორე ადამიანზე.
პირდაპირი აგრესიის დროს ადამიანს განზრახული აქვს ვინმესთვის ზიანის მიყენება. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური, ან ვერბალური- შეურაცხყოფა, ჩხუბი ან მუქარა.

ემოციური აგრესია ეს არის მიზანმიმართული, ნეგატიური ემოციების (ბრაზის) მიმართვა კონკრეტული ადამიანისკენ. თუ გაბრაზებულები ვინმეს დავუყვირებთ, ეს ემოციური აგრესიაა.

ინსტრუმენტული აგრესია ეს არის ადამიანისადმი ზიანის მიყენება, რომლის მიზანიც სულაც არ არის აგრესია. მაგ. დასჯა ან სხვისი კრიტიკა საკუთარი სტატუსის ამაღლების მიზნით. აგრეთვე, აგრესიული ქცევა თავის დაცვის მიზნით.

– არსებობს თუ არა გენდერული განსხვავებები აგრესიული ქცევის გამოვლენის თვალსაზრისით ?

არსებობდა მოსაზრება, რომ აგრესიისკენ ვაჟები უფრო მიდრეკილნი არიან ვიდრე გოგონები. მაგრამ კაი ბაიორკვისტის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად აღმოჩნდა, რომ აგრესიულობის თვალსაზრისით, სქესთა შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ ფიქსირდება. აგრეთვე არსებობს კვლევები, რომლის თანახმადაც გოგონები მეტი აგრესიულობით გამოირჩევიან. ისინი მეტად ეჭვიანობენ მეგობრებზე და ზოგადად, უფრო ხშირად ავლენენ არაპირდაპირ აგრესიას. მაგ. ავრცელებენ ჭორებს, სოციალური ჯგუფიდან გარიყავენ მის წევრებს. გოგონები უფრო მეტად ემოციური აგრესიისკენ არიან მიდრეკილნი, ვაჟები კი მეტად ორიენტირებულნი არიან ძალის დემონსტრირებაზე. ეს განსხვავება გამოკვეთილი ხდება მე-4, მე-5 კლასიდან. მაშასადამე, გოგონებისა და ვაჟების მიერ აგრესიის გამოვლენა განსხვავებულია მოტივებისა და გამოვლენის ფორმების მიხედვით.

– რა შეიძლება იწვევდეს მოზარდებში აგრესიას ?

ფსიქოლოგიაში აგრესიის გამომწვევ მიზეზებსაც სხვადასხვა თეორია სხვადასხვაგვარად ხსნის. მაგ. ბიჰევიორისტული მიდგომა აგრესიას განიხილავს, როგორც წარსულში ჩადენილი ქცევის განმტკიცებას მისი წახალისების ხარჯზე. ჰუმანისტური თეორია აქცენტს აკეთებს განვითარების ხელისშემშლელ სოციალურ პირობებზე, იმ გამოცდილებაზე რომელიც ხელს უშლის ადამიანის ჰარმონიულ განვითარებას. კოგნიტური თეორია სწავლობს იმ აზრებსა და ფანტაზიებს, რომელსაც ადამიანი ძალადობის აქტის ყურებისას განიცდის. ფსიქოდინამიკური თეორია აგრესიას ხსნის, როგორც რეაქციას ფრუსტრაციაზე და ბავშვობაში მშობლების მიმართ განცდილი მტრული განწყობის გადატანას გარემოზე. ევოლუციური თეორია კი აგრესიას თვითგადარჩენის ინსტიქტად განიხილავს, რომელიც ბუნებრივი გადარჩევის შედეგად განვითარდა. მაგ. ცხოველს, რომელიც იცავს თავის ბუნაგს გადარჩენის მეტი შანსი აქვს, ვიდრე მას, რომელიც გარბის ან იმალება.

რაც შეეხება მოზარდებს, აღმოჩნდა, რომ აგრესიული ქცევის გამომწვევი ფაქტორები შეიძლება იყოს: ფსიქიკური დატვირთვისა და სტრესის მიმართ დაბალი მდგრადობა, დაბალი თვითშეფასება, მაღალი პრეტენზიები საკუთარი თავის მიმართ, თანატოლებთან ურთიერთობის სიძნელეები, მაღალი შფოთვა და დაძაბულობა, კონფლიქტების გადაჭრის უუნარობა, პოსტტრავმული სინდრომი, გადატანილი ძალადობა, რთული ოჯახური გაემო (ალკოჰოლიზმი, ნარკომანია). ასევე, კვლევების თანახმად მიიჩნევა, რომ აგრესიული ქცევის მიზეზები პირველ რიგში ოჯახში, მოზარდის უშუალო გარემოცვაში უნდა ვეძიოთ.

სასკოლო გარემოში ბრაზის გამომწვევ ფაქტორებს მიეკუთვნება:
– კონფლიქტი, რომელიც უკავშირდება სივრცის დარღვევას;
– ფიზიკური კონფლიქტი – გულისხმობს სიტუაციას, როდესაც ერთი ბავშვი მეორეზე ახორციელებს ფიზიკურ იერიშს, როგორიცაა, მაგ. ხელის კვრა ან დარტყმა;
– ვერბალური კონფლიქტი, მაგ. ცუდი სიტყვის თქმა ან აბუჩად აგდება;
– უარყოფა – როდესაც ბავშვი უარყოფილია თანატოლების მიერ, მაგ. მას არ აძლევენ მათთან ერთად თამაშის საშუალებას;
– დათმობა – როდესაც მოზარდი ხშირად ახორციელებს მოქმედებას საკუთარი სურვილის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სიტუაცია ჩვენში შეიძლება იწვევდეს ბრაზის ემოციას, მაგრამ გამოვხატავთ თუ არა აგრესიას სხვის მიმართ, ეს უკვე ჩვენს პიროვნებაზეა დამოკიდებული. საჭიროა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებასაც, რომ ვაჟებში დეპრესიის გამოვლენის სიმპტომები შეიძლება იყოს ასოციალური¹ ქცევა, დელიკვენტობა² , თვითდამაზიანებელი ქცევა ან ინტერესი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიმართ, განსხვავებით გოგონებისგან – რომლებიც ამ დროს მეტად გულჩათხრობილნი ხდებიან.

– როგორია კვლევის შედეგები ამ მიმართულებით ?

აგრესიული ქცევის სახეებსა და მის გამომწვევ მიზეზებზე ძალიან ბევრი კვლევა არის ჩატარებული. მაგ. სოციალური დასწავლის თეორიის ბირთვს წარმოადგენს დებულება იმის შესახებ, რომ ქცევის ახალ ფორმებს ჩვენ შეიძლება დავეუფლოთ უშუალო გამოცდილების გარეშეც – სხვაზე დაკვირვებით. სწორედ დაკვირვებისა და მიბაძვის გზით ხდება მანერების, ჩაცმისა თუ ვარცხნილობის სტილის დამკვიდრება და მოცემული კულტურისთვის მისაღები ქცევის დასწავლა. მაგრამ, ამასთანავე საჭიროა აღვნიშნოთ, რომ სხვაზე დაკვირვების გზით ადამიანები მხოლოდ სოციალურად მისაღებ ქცევებს არ დავისწავლით. მართლაც, ადამიანებს შეუძლიათ დაისწავლონ ქცევის არასასურველი და ანტისოციალური ფორმები, იმავე პროცესებით, როგორც დავისწავლით – თანამშრომლობას, თანაგანცდას თუ პრობლემების ეფექტურ მოგვარებას.

აღნიშნული მიმდინარეობის წარმომადგენელთა აზრით, თუ ადამიანები ხშირად არიან ძალადობის შემსწრენი და ამგვარი ქცევა წახალისებულია სოციუმში ან განხორციელებულია ავტორიტეტული, ძლიერი პირის მიერ, მაშინ ამან შეიძლება ხელი შეუწყოს აგრესიული ქცევის დასწავლას. ამ მოვლენას სწავლობდნენ ალბერტ ბანდურა და მისი კოლეგები. მკვლევარები აგრეთვე ყურადღებას ამახვილებდნენ ტელევიზიისა და მასმედიის ზეგავლენაზეც აგრესიული ქცევის დასწავლის პროცესში.

მკვლევარების აზრით ძალადობის შემცველი კადრების ხშირმა ყურებამ შეიძლება გამოიწვიოს:

1. აგრესიული ქცევის სიხშირის ზრდა;
2. იმ ფაქტორების შემცირება, რომელიც აკავებს აგრესიულ ქცევას;
3. აგრესიისადმი მგრძნობელობის დაქვეითება;
4. სოციალური რეალობის ფორმირება, სადაც გამართლებულია ამგვარი ქცევა.

ირონის და მისი კოლეგების მიერ ჩატარებულ კვლევაში 575 მესამე კლასელი გოგონა და ვაჟი მონაწილეობდა. მეცნიერები აკვირდებოდნენ ბავშვების ქცევას და აგრეთვე, შეისწავლიდნენ მონაცემებს მათი მშობლებისა და ოჯახური გარემოს შესახებ. მნიშვნელოვანი შედეგი აღნიშნული კვლევებისა გახლდათ ის, რომ მოსწავლეები, რომლებიც ხშირად უყურებდნენ ძალადობის შემცველ პროგრამებს, სასკოლო გარემოში მეტი აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. ათი წლის შემდეგ კვლევაში მონაწილე 427 ბავშვთან კვლავ ჩაატარეს განმეორებითი კვლევა – რათა შეესწავლათ კავშირი მათ მიერ ნანახი სატელევიზიო პროგრამების შინაარსს, რაოდენობასა და აგრესიულ ქცევას შორის. მათ აღმოაჩინეს, რომ 8 წლის ასაკში ძალადობის შემცველი კადრების ხშირი ყურება კავშირში იყო 18 წლის ასაკში გამოვლენილ აგრესიულ ქცევასთან.

იმ ფაქტის ექსპერიმენტული დადასტურება, რომ აგრესიის შემცველი სცენების ხშირი ყურება სამომავლოდ ზრდის შემწყნარებლობას აგრესიული ქცევის მიმართ, არაერთხელ დადასტურდა. მაგ. ტომასის მიერ ჩატარებულ კვლევისას ხდებოდა ძალადობის შემცველი პროგრამის და ფრენბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ყურების დროს ცდის პირების ემოციური მდგომარეობის გაზომვა. აღმოჩნდა, რომ ორივე პროგრამის ყურება იწვევდა ძლიერ ემოციებს. ამის შემდეგ კი ცდის პირები ხვდებოდნენ სიტუაციაში, რომელსაც ისინი განიცდიდნენ როგორც რეალურ კონფრონტაციას. აქაც აღმოჩნდა, რომ ცდის პირები, რომლებიც უყურებდნენ ძალადობის შემცველ კადრებს, მეტი აგრესიულობით გამოირჩეოდნენ.

კვლევების შედეგებზე დაყრდნობით ალბერტ ბანდურამ შეიმუშავა შემდეგი რეკომენდაციები:

• მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა პრობლემები მშვიდობიანი გზით მოაგვარონ, რის შემსწრეც გახდებიან ბავშვები;
• არ წაახალისონ ბავშვის ან სხვა ადამიანის აგრესიული ქცევა, ვინაიდან, აგრესიული ქცევის მოდელებს ბავშვები ყველაზე ხშირად ოჯახში ითვისებენ;
• ბავშვები დაიცვან მათთვის საზიანო ინფორმაციისგან. მაგრამ, ვინაიდან ინფორმაციული ნაკადის დროს ბავშვის სრული იზოლაცია რთულია, მეცნიერის აზრით სასურველია, რომ მშობლებმა ბავშვებთან ერთად უყურონ სატელევიზიო გადაცემებს, მათთან ერთად გაანალიზონ და შეაფასონ ნანახი. არსებობს იმგვარი მოსაზრებაც, რომ აგრესიის შემცველი სცენების ყურებას ზოგიერთი ადამიანისთვის შეიძლება კათარზისის ეფექტი ჰქონდეს და ადამიანი გათავისუფლდეს ნეგატიური ემოციებისაგან.

– რა თვისებებით გამოირჩევიან აგრესიული ქცევის მქონე ბავშვები ?

მიიჩნევა, რომ აგრესიული ქცევის მქონე ბავშვები გამოირჩევიან მეტი ემოციურობით და ისინი გარემოს მათთან დაპირისპირებულად მიიჩნევენ. ასეთი ბავშვები ხშირად, გარემოსგან წამოსულ სიგნალებს მათ საწინააღმდეგოდ მიმართულად აღიქვამენ, ხშირად გარემოსგან მუდმივ საფრთხეს ელიან და კონფლიქტის დროსაც პირველები გადადიან აგრესიულ ქცევაზე.

– რა რჩევებს მისცემდით მშობლებს, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი მსგავსი პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში ?

• პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ თავად დავფიქრდეთ, თუ როგორ ვიქცევით უფროსები პრობლემურ სიტუაციაში. ვჩხუბობთ და ხმამაღლა ვმეტყველებთ, თუ მშვიდობიანი გზით ვცდილობთ პრობლემის მოგვარებას. თუ ჩვენ თავად ვახერხებთ ბავშვთან მშვიდ საუბარს, დიდი ალბათობით მოზარდი ჩვენ, უფროსებს მოგვბაძავს;
• შესაძლოა ანალიზს დაექვემდებაროს აღზრდის სტილიც. მიიჩნევა, რომ ავტორიტარული აღზრდის სტილის შემთხვევაში – როდესაც ოჯახის წევრები ახორციელებენ მკაცრ კონტროლს და ნაკლებად გამოხატავენ სითბოს, მოზარდები გამოირჩევიან ან გადამეტებული მორჩილებით, ან აგრესიულობით. საჭიროა აღვნიშნოთ, რომ ორივე ტიპის ქცევა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს. ამიტომ, ოპტიმალურ აღზრდის სტილად მიიჩნევა ავტორიტეტული აღზრდის სტილი, როდესაც ბავშვის მიმართ ხდება სითბოს გამოხატვა, მისი უპირობო მიღება და ამავდროულად ოჯახში არსებობს წესები, რომელთა დაცვაც მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია წესების ცვლილება სიტუაციისა და ბავშვის შესაძლებლობების გათვალისწინებით. მაგ. თუ ოჯახში არსებობს წესი, რომ მოზარდი 9 საათზე უნდა იყოს სახლში და ის დაბადების დღეზე 8 საათზე დაპატიჟეს, ბუნებრივია, რომ არ მოსთხოვენ 9 საათამდე სახლში დაბრუნებას.
• საჭიროა დაფიქრება იმაზეც, თუ რა უბიძგებს მოზარდს აგრესიული ქცევისკენ და რა შედეგი მოსდევს მის ამგვარ საქციელს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოზარდი გამომდინარე საკუთარი გაზრდილი შესაძლებლობიდან უფროსებისგან ხშირად ელის ურთიერთობას როგორ თანასწორთან და არა როგორც პატარასთან. მოზარდისთვის საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა, პირადი სივრცის არსებობა ძალზედ მნიშვნელოვანია. თუ ოჯახში ამ ყოველივეს იგნორირება ხდება, მაშინ შესაძლებელია, რომ ამ ფაქტმა მოზარდის კონფლიქტურობის ალბათობა გაზარდოს.
დასაფიქრებელია აგრეთვე ისიც, თუ რა მოსდევს ხოლმე მოზარდის აგრესიულ ქცევას. მაგ, თუ ბავშვს მხოლოდ მაშინ აქცევდნენ ყურადღებას, როდესაც ის არასწორად იქცეოდა, მას შესაძლოა აღნიშნული ქცევა განუმტკიცდეს. ასეთ შემთხვევაში არასასურველი ქცევის იგნორირება და მისაღები ქცევის წახალისება შეიძლება იყოს მეტად ეფექტური;
• დასაფიქრებელია ის გარემოც, რომელშიც ტრიალებს მოზარდი. ხომ არ არის იქ ძალადობრივი ქცევა წახალისებული? ამ დროს ძალზედ ღირებულია მოზარდის მხარდაჭერა ოჯახის წევრების მხრიდან, რომ მას ჰქონდეს მისაღები ქცევის მოდელი. ამავდროულად, ღირებულია მოზარდის ინტერესების შესწავლა და მისთვის სხვადასხვა წრეების, თუ სექციების შეთავაზება, რათა მოზარდის მოჭარბებული ენერგია კონსტრუქციული გზით წარიმართოს.
• არსებობს მოსაზრება, რომ თუ გვსურს, რომ ბავშვები არ გამოირჩეოდნენ აგრესიულობით, სასურველია მათში აღვზარდოთ საპირისპირო თავისებურება, ალტრუიზმი . ასეთ დროს მნიშვნელოვანია ბავშვის/მოზარდის ემპათიის გამოყენება. მაგ. თუ ბავშვი მიმართავს სხვის მიმართ ფიზიკურ აგრესიას, ყურადღება გავუმახვილოთ მისი ქცევის შედეგზე: ,,შენ რომ სანდროს ჩაარტყი, მას ეტკინა”. მნიშვნელოვანია, აღნიშნული სტრატეგიის რეგულარული გამოყენება და მას არ უნდა ახლდეს გამოხატული აგრესია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ბავშვი/მოზარდი იფიქრებს, რომ აგრესია დასაშვებია, თუ მოწინააღმდეგეზე ძლიერი ხარ. ამავდროულად, სასურველია პროსოციალური ქცევის წახალისება. ამისთვის საჭიროა იმგვარი სიტუაციის შექმნა, რომ მოზარდს მოუხდეს სხვაზე ზრუნვა, და აგრეთვე, არ უნდა დაგვავიწყდეს ასეთი ქცევის აღნიშვნა და წახალისება.
• და რაც მთავარია – უნდა მოხდეს მოზარდის დახმარება ემოციების თვითრეგულაციის უნარების განვითარებაში, რომელიც შესაძლოა შემდეგი გზით განხორციელდეს: პირველ რიგში ღირებულია, რომ მოზარდმა მოახერხოს საკუთარი ემოციის, ბრაზის ამოცნობა. მაგ. სანამ ,,ბრაზი” მოგვერევა, წინასწარ ამოვიცნოთ მისი სიმპტომები. მაგ. სახე წითლდება, ან კუნთები იჭიმება. მთავარია ამ დროს ,,მოვახერხოთ მისი შეჩერება” და მოვიფიქროთ, თუ რომელი ,,ჯადოსნური სიტყვა” დაეხმარება მას დამშვიდებაში. მაგ. ,,დამშვიდდი”, ,,მე შევძლებ ამის გაკეთებას”. მას შემდეგ, რაც დავეხმარებით ბავშვს/მოზარდს ბრაზის სიმპტომების ამოცნობაში, ვთხოვოთ, რომ ამ დროს რამდენჯერმე ღმად ჩაისუნთქოს და ამოისუნთქოს. შეგვიძლია აგრეთვე ვასწავლოთ სტრატეგია 1+3+10. თქვას ერთი დამამშვიდებელი სიტყვა, 3 – ჯერ ღრმად ჩაისუნთქოს და ამოისუნთქოს, დაითვალოს ათამდე.
• ბრაზის მართვის სტრატეგიების გაცნობის პარალელურად ძალზედ მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ (მათ შორის პირად მაგალითით) მოზარდს ასერტულობის განვითარებაში.

ასერტული³ ქცევის დროს ადამიანი საჭიროებებსა და გრძნობებს პირდაპირ გამოხატავს, თუმცა ამავე დროს, ანგარიშს უწევს სხვების გრძნობებსა და უფლებებს. სხვებს ყურადღებით უსმენს და მათ შესატყვის უკუკავშირს აძლევს. პირდაპირ გამოხატავს თხოვნას და სხვის თხოვნაზე უარით ასევე პირდაპირ პასუხობს. როდესაც ადამიანი ასერტიულად მოქმედებს, მისგან სიძლიერე და ემპათია ვლინდება. მისი ხმა მშვიდი, მტკიცე და კარგად რეგულირებულია. იყენებს მე შეტყობინებებს მაგ. მე მინდა, რომ შენ დადო ჩემი ნივთი ადგილზე, არ მესიამოვნა დაუკითხავად რომ აიღე. გთხოვ, შემდეგში აუცილებლად ჩამაყენო საქმის კურსში’’. ამგვარი მაგალითების შეთავაზებით მოზარდს ვუჩვენებთ, რომ სირთულეთა მოგვარება მხოლოდ აგრესიული გზით არ ხდება.
მაგრამ, ამავე დროს, თუ მოზარდის აგრესიული ქცევა საზიანოა მისთვის ან სხვა ადამიანებისთვის, ასეთ დროს მნიშვნელოვანია სპეციალისტთან კონსულტაცია.

ტექსტში გამოყენებული ტერმინების განმარტება:

1. ინდივიდის ქცევა, რომელიც არ შეესაბამება იმ საზოგადოების სოციალურ, სამართლებრივ ნორმებსა და ტრადიციებს,
რომელსაც მიეკუთვნება თავად ინდივიდი.
2. ანტისაზოგადოებრივი, კანონსაწინააღმდეგო ქმედება.
3. უნარი, გამოხატო საკუთარი სურვილები, გრძნობები, საჭიროებები და დაიცვა საკუთარი უფლებები ისე,
რომ ანგარიში გაუწიო სხვების გრძნობებს და არ დაარღვიო მათი უფლებები.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. Bandura A (1994), Social cognitive theory of mass communication. In: Media Effects: Advances in Theory and Research, Bryant J, Zillmann D, eds. Hillsdale, N.J.: Lawrence Erlbaum Associates Inc., pp61-90.
2. Baron, R. A., Richardson, D. R. (1994) Human Aggression. Perspectives in Social Psychology.
3. Bjorkvist, K. Osterman, K. &Lagerspetz, K (1994). Sex differences in covert aggression among adults. Aggressive Behavior. Volume 20, Issue 1. 1–78.
4. Huesmann, L. R., Eron, L. D., Lefkowitz, M. M., &Walder, L. O. (1984). The stability of aggression over time and generations. Developmental Psychology, 20(6), 1120 – 1134.
5. Owens, l, Shute, R & Sleep, P. (2000) Guess what I just heard!”: Indirect aggression among teenage girls in Australia. Aggressive Behavior Volume 26, Issue 1. Pages 67–83
6. Richardson. D.S. (2014) Everyday Aggression Takes Many Forms. Current Directions in Psychological Science, Vol. 23(3) 220–224.
7. Thomas, M. H., et al. (1977). Desensitization to portrayals of real-life aggression as afunction of exposure to television violence. Soc Psychol. Jun;35(6):450-8.

წყარო: http://geopsychology.org


14-11-2017, 13:21

600

უკანასკნელი სიახლეები