reklama
reklama
  • :

„ბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანში“ მიძინებული იდეოლოგია ანუ რა სჭირდება დღევანდელ საქართველოს

გმირებად არ იბადებიან, გმირები ხდებიან. გმირი ყველა ჩვენგანშია, უბრალოდ გასაქანი უნდა მისცე მას. სამწუხაროდ დღეს საქართველოში გმირები სანთლით საძებნელნი გახდნენ.

გმირებს როცა ვახსენებ, არ ვგულისხმობ მაინცდამაინც მაღალი იდეალებისთვის სიცოცხლის შემწირველ ადამიანებს. განა ყოველდღიურ ცხოვრებაში არ არის საჭირო გმირობის გამოჩენა ? გმირობაა როდესაც გყოფნის ვაჟკაცობა პასუხი აგო შენი ქმედებების შედეგებზე. გმირობაა როცა შეგიძლია უსამართლობას პასუხი გასცე, მაშინაც კი, როცა ეს შენ არასახარბიელო მდგომარეობაში გაყენებს. გმირობაა როცა შენს შიშებზე მაღლა დგახარ. გმირობაა დაჩაგრულის დაცვა იმ დროსაც კი, როდესაც ძალთა თანაფარდობა შენს სასარგებლოდ არაა... და სხვა მრავალი.

ყველა ზემოთჩამოთვლილი მახასიათებლები ქმნიან პიროვნებას, ძლიერ პიროვნებას, რომელსაც შეუძლია წინ აღუდგეს ამა ქვეყნის უსამართლობებს. სწორედ ასეთი ადამიანები დარჩნენ ძალიან ცოტანი დღევანდელ საქართველოში. ეს კი აღზრდის პრობლემებზე მიუთითებს. ძნელია გმირობა მოსთხოვო ადამიანს, რომელსაც ბავშვობიდანვე მორჩილებას და საკუთარი თავის დათრგუნვას ასწავლიდი, რომელსაც საკუთარი აზრის ქონა და მისი პატივისცემა არ ასწავლე, რომელსაც შენი მიუღწეველი მიზნების განსახორციელებლად ზრდიდი, რომელსაც საკუთარ ქმედებებზე პასუხისგება არ ასწავლე, რომელიც ყველა მოქმედებას შენ გითანხმებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შეცდომის და შემდეგ ამ შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღების ეშინია და შენი თანხმობა მხოლოდ იმიტომ უნდა, რომ შემდეგ შეცდომაზე პასუხისმგებლობა გაგინაწილოს.

ამ ყველაფრის მიზეზი კი ეგოიზმია, ფესვგადგმული ეგოიზმი და „რას იტყვის ხალხის“ შიში, რომელიც არ გაძლევს საშუალებას პიროვნება აღზარდო პირველ რიგში შენს თავში, ხოლო შემდეგ შენი შთამომავლობის სახით. სამწუხაროდ, უკვე დაგვავიწყდა, რომ „სულის სიმტკიცე ის კი არაა არასოდეს დაეცე, არამედ დაცემულმა წამოდგომა შეძლო.“ დღევანდელ დედებს ურჩევნიათ მათმა შვილებმა „სახელოვანი სიკვდილის“ ნაცვლად „ნაძრახი სიცოცხლე“ განლიონ და სათუთად აფარებენ კაბის კალთას თავზე. ამ კალთას შეფარებული ქართველი ვაჟკაცებიც კომფორტულად ეშვებიან ამა ქვეყნის ამაოებებში. დღევანდელ საქართველოშიც ისევ ისე მწვავედ ისმის კითხვა: „კაცია ადამიანი ?!“

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ: იმ დრომდე სანამ ჩვენში სხვა ადამიანის წარმატება შურს იწვევს, იმ დრომდე სანამ „მამული, ენა და სარწმუნოება“ ჩვენი მახინჯი ფანტაზიების განსახორციელებლად ბინძური სპეკულაციების საგანია, იმ დრომდე სანამ სხვის თვალში ბეწვის შემჩნევის სანაცვლოდ, არ ვისწავლით ჩვენი თვალიდან დირის ამოღებას, - ქართული საზოგადოება ვერ შედგება და საქართველო ვერ გაბრწყინდება.

ვაჟა-ფშაველამ დაწერა: „მოხდების ხოლმე არწივი დაჭრილი დაბლა დავარდეს, მაგრამ ქათამი ზეცაში ვერასდროს გაინავარდებს...“ მე მინდა ჩემს ქვეყანაში „ქათმებს“ ცაში მონავარდე „არწივები“ ჭარბობდნენ და „ალგეთში“ კვლავაც იზრდებოდნენ „ლეკვები მგლისანი.“


თეკლა ბატონიშვილი სპეციალურად საინფორმაციო სააგენტო IDNews.ge - სთვის


11-07-2017, 17:13

670

უკანასკნელი სიახლეები