reklama
reklama
  • :

თითქმის სრული სიმართლე ორგანულ მიწადმოქმედებაზე (ნაწილი პირველი)

ბოლო წლებში მთელმა მსოფლიომ უცბად გადაწყვიტა მთლიანად გამოიკვებოს ისე, როგორც ჩვენი პაპები, მათი პაპების პაპები და დანარჩენი წინაპრები ნეანდერტალელი ადამიანის ჩათვლით-ეკოლოგიურად მოყვანილი საკვებით, რომელიც მოყვანილია ბუნების ბუნებით დახმარების (ნაკელი-მინდორს) პრინციპოთ. “ეკოლოგიურად სუფთა” კიტრის მოყვარული, გაბოლილი დაბოლილი ქალაქის ბუღით და მთელი მენდელევის პერიოდული სისტემით, მიიწევს უქმეებზე საკუთარ “ეკოლოგიურ” აგარაკზე, საკუთარ ფარებიან არაეკოლოგიურ ცხენზე , ელიავაზე გასწორებული რაზვალით.

ადგილზე მისვლისას, რუნეტის მდელოებზე მოპოვებული ინსტრუქციის მიხედვით საგანგებოდ დამზადებულ კომპოსტირების ყუთში ჩაყრის ფესვიანად ამოგლეჯილ ბაბუაწვერას და გააჯერებს არც ისე იაფად ნაყიდი ნაკელით.აბა, სად არის ქვეყანაში ამდენი ძროხა? ან ის,რაც არის…ვის სცალია ჰორიზონტამდე ჰერბეციდიან მინდორ-ველეზე მათი ქოთნით ხელში დევნა? მოკლედ,შეაზავებს, შეულოცავს ამ მყრალ ბედნიერებას ერთი-ორი დღე და მიუსხავს საბრალო ორგანულობაზე განწირულ მცენარეს ძირში.

ამის შემდეგ , დაჭრის მომჟავო ,მაგრამ არომატული პომიდვრის “სალათას” (ტკბილი ეკოპომიდორი ისეთივე იშვიათობაა,როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს კომუნიკაბელური და თავის საქმეზე შეყვარებული ჩინოსანი), დაჭრის ყველს,ვინაიდან ვეგატარიანული ცხოვრება გადაწყვიტა (ყველი არ არის ცხოველი, უბრალოდ პატარა ხბოს კუჭიდან ამზადებენ შემადედებელს) და დაჯდება სიმშიდეში მაგნიტური ველის მცირე დიაპაზონის სმარტფონით, ეკო სამყაროს ამბების გასაგებათ.

ორშაბათს კი, ოფისიდან, ყოველივე ქიმიურის მტერი ,რთულად დაშლადი ხელოვნური ტყავის სავარძელში,ქლორით გათეთრებულ ქაღალდზე ამობეჭდავს რკინის ციანიდის, სულფატ ქრომის, ფისებით, ბარიუმის სულფატის მეშვეობით დამზადებულ საღებავით სამყაროს დამაჯერებელ და შთამბეჭდავ ეკო მიმართვას ბნელი კაცობრიობის ცნობიერების ამაღლების მიზნით.

ორგანული სასუქით ამაღლებული ცნობიერება

საღამოს მეექვსე კლასელი შვილის საშინაო დავალებას ჩაიბარებს და, ალბათ, ყურადღება გაეფანტება სწორედ მაშინ,როცა საბუნებისმეტყველო დაზეპირებული პარაგრაფის მოყოლისას ბავშვი იტყვის, რომ მცენარეები ორგანულ მოლეკულებს ვერ ითვისებენ. უმაღლესი, ანუ ჩანასახვადი მცენარეები უბრალო მინერალურ კომპონენტებს თავად სინთეზირებენ ორგანულ ნივთიერებებში. გამოდის, რომ ცხოვრების საუკეთესო წლებს ვაკლავთ სკოლას ნაკელის სასარგებლოდ, იმისათის, რომ მივიღოთ ჰაი-კლასის განათლება და პატარა დეტალების გამოტოვებით მივუდგეთ უცოდინარობასთან ბრძოლის დაფინანსებულ რიგით პროექტის მეშვეობით.

მკითხველი იფიქრებს, რომ ჩემი მხრიდან ადგილი აქვს ორგანულ-ბიოლოგიურ-ეკოლოგიური სამოთხის გაკრიტიკებას ან ფუნაში გასვრას, და აუცილებლად ახსენებს “გამომწვარ” ნაკელს, კალიფორნიულ ჭიაყელას და კომპოსტირების გარდაუვალობას.თითქმის ვეთანხმები. ყოველივე აქ ნახსენები მეთოდი არ ახდენს მასიურ მავნე გავლენას ნიადაგზე მაშინ როცა არ არის ქცეული მასიურ ისტერიად.

პრაქტიკულად მთელი ორგანიკა,რომელიც ხვდება ნიადაგში განიცდის მიკროორგანიზმების (სოკო,ბაქტერიები ,წყალმცენარეები) ზეგავლენას, ადგილობრივი (შესაძლოა ადამიანისთის დროში არა მორგებული) კომპოსტირების, აზოტირების და სხვა ჩვენთვის ორგანულად წოდებული პრინციპით. ეს მიკრო ორგანიზმები თავად შლიან ორგანიკას მინერალებზე. ნიადაგი 90-97% შედგება ზუსტად ამ მინერალებიდან, რომლებსაც, ცხადია, მიირთმევს მცენარე. და აი დადგა ის მომენტი, როცა ეკო კიტრის მოყვარულმა უნდა დაიყვიროს : “მააააშ!” და ამიხსნას,რომ ზუსტად ეს არის ორგანიკის გამოყენების მიზეზი, რადგან ასე მშვენივრად ყველაფერი იშლება და ისრუტება.მთავარია -ძირს ქიმია. მაგრამ მცენარეს,მაპატიეთ, და, ბუტკოზე კიდია როგორ მოხვდა მისთვის საჭირო რაოდენების მინერალები ნიადაგში. სინამდვილეში მცენარესთვის სულ ერთია მიიღებს ის ამონიუმის ნიტრატს, ე.წ. სელიტრას, მაღაზიაში ნაყიდ პარკიდან თუ ნაკელიდან-მისთვის ორივე ერთნაირია. მცენარემ ეკო კიტრის მოყვარულისგან განსხვავებით იცის, რომ მათ (ორგანულ და ქიმიურ სელიტრას), ქიმიური ფორმულაც კი აბსოლუტურად იდენტური აქვთ -NH4NO3. და მთელი პერიოდული სისტემა ორგანულიც და ქიმიურიც იქცევა ასევე მცენარეებთან მიმართებაში.

მაგრამ ორგანულს სჭირდება დრო და ძალიან დიდი ფართობები ველური ბუნების ხარჯზე. ადამიანს კი მუდმივად საკვები და ჰაერი. ოღონდ ნეანდერტალელ პაპასთან შედარებით, თანამედროვე ადამიანს მოჰყავს არა მარტო საკვები,არამედ წამალი, “ნატურალური” კოსმეტიკა ,ფურაჟი, ბიო საწვავი, გასახდომი გოჯის კენკრა და სხვა პანაცეა,რომელიც ისედაც იყო და არის ტყეში, ჩვენ გვჭირდება მცენარეული კოლაგენი,რომელსაც არ ითვისებს ჩვენი კანი, გვჭირდება ზამთარში ზაფხულის საკვები. ჩვენ გვჭირდება ფურშეტები საერთაშორისო ეკოლოგიურ კონგრესებზე, ჩვენი საქმიანი და ბიზნეს შეხვედრები წარმოუდგენელია საქმიანი ვახშამის გარეშე, ჩვენ დავდივართ რესტორნებში მუსიკის მოსასმენად, იქ კი უკრავენ მუსიკას მხოლოდ იმისათვის,რომ გაყიდონ ბევრი საჭმელი, ჩვენს ინსტაგრამში უნდა იყოს ბევრი ლამაზი კერძების ფოტო, ჩვენ საზეიმო ჭამით ავღნიშნავთ თბილისობას, ახალ წელს და ქრისტეს აღდგომას, ჩვენ ვმარხულობთ, მივდევთ დიუკანის დიეტას, ვიგონებთ პურზე სასარგებლო პურს და კიტრზე სასარგებლო კიტრს, ჩვენ და ჩვენს დონორებს გვინდა მოვიყვანოთ ქართული ფისტა,ზეითუნი და ბანანი….

ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ საკვებზე,მაშინაც კი როცა მაძღრები ვართ და ეს ერთადერთია, რითიც ვბაძავთ ნეანდერტალელ წინაპარს. წარმოიდგინეთ ახლა ამხელა რაოდენობის საკვების მოყვანა შუა საუკუნეების მეთოდით. მათ არ შეეძლოთ ხუთ საათში 40 ჰექტარი ტყის გაჩეხვა ორგანული მეურნეობისთვის.

წარმოიდგინეთ რამდენი ნაკელი დაგვჭირდება ამ საკვების მოსაყვანად და საბოლოოდ გამოვა,რომ ძროხა ჩვენივე ეკო კიტრის ჭამას დაიწყებს რათა მოგვცეს ნაკელი.

მეორე ნაწილს შემოგთავაზებთ პარასკევს.

"აბიგლუკოზას" რჩევები სპეციალურად საინფორმაციო სააგენტო IDNews.ge - სთვის


19-06-2017, 16:20

567

უკანასკნელი სიახლეები