reklama
reklama
  • :
რეკლამა საიტზე

ვიხდით თუ არა ზედმეტს მოხმარებული გაზის სანაცვლოდ?!

გასულ კვირას დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილმა, მათ მიერ დეკემბრის თვეში მოხმარებული ბუნებრივი აირის გაზრდილი გადასახადი გააპროტესტა და ,,ყაზტრანსგაზის“ მიმართ პრეტენზიები გამოთქვა, იმ მოტივით, რომ შესაძლოა, კომპანია მომხმარებელს უხარისხო გაზს აწვდიდეს.
მოსახლეობის უკმაყოფილებას აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლება მალევე უპასუხეს და მედიასაშუალებებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ,,ყაზტრანსგაზის“ მიერ გამოწერილ ქვითრებზე აღნიშნული შედარებით გაზრდილი საფასური არა ბუნებრივი აირის უხარისხობით, არამედ გარემო-პირობებით და დეკმბრის ყინვიან ამინდებში მეტი გაზის მოხმარებით იყო გამოწვეული.
ვიხდით თუ არა ზედმეტს მოხმარებული გაზის სანაცვლოდ?!მიუხედავად ამ განცხადებისა, საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა და უკმაყოფილება არ წყდება. სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებებით თუ ვიმსჯელებთ, ბევრს მიაჩნია, რომ საქართველოში შემოსულ ბუნებრივ აირს ,,სხვა ნივთიერებებს ურევენ, რაც მრიცხველის უფრო სწრაფად დატრიალებას იწვევს“ და გადასახადიც ამიტომ იმატებს. არგუმენტად ის ფაქტი მოჰყავთ, რომ გაზის გამათბობლები წინა თვეებშიც იმავე ტემპერატურაზე ჰქონდათ ჩართული,როგორზეც დეკემბერში, მაგრამ მაინც განსხვავებული გადასახადი მიუვიდათ.
არიან ისეთები, რომლებიც გაზის მომწოდებელ კომპანიებს ენდობიან და დასტურად, სოციალურ ქსელში წინა წლების ზამთრის თვეების ქვითრებს აქვეყნებენ, სადაც ნათლად ჩანს, რომ იგივე ოდენობის გაზი აქვთ მოხმარებული, რაც გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში.
რამდენად მართებულია საზოგადოების ნაწილის პრეტენზია ან რამდენად სარწმუნოა ,,ყაზტრანსგაზის“ მიერ გაკეთებული განცხადება, ამის შესახებ ენერგეტიკის ექსპერტს თეიმურაზ გოჩიტაშვილს ვესაუბრეთ.
,,ბუნებრივი აირის ხარისხის შეცვლა, თეორიულად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ხაზგასმით შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი ოპერაციის ჩატარების ტექნიკური საშუალება ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. საქართველოში იმპორტირებულ გაზს აკონტროლებს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე თავისი აზრი უკვე გამოთქვა და მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა. საქართველოში შემოსული გაზის ხარისხი, როგორც მომწოდებლის, ისე მიმღების მხრიდანაც გამუდმებით კონტროლდება.
თქვენს მიერ აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი აირის ხარისხსი სტანდარტის ფარგლებს არ გასცდენია, შესაბამისად, საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, მინარევებთან დაკავშირებით, მცდარია.
ამდენად, სათანადო სამსახურების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ქვითრებზე ასახული შედარებით მეტი გადასახადი, ცივი ამინდების გამო, ბუნებრივი აირის უხვმა მოხმარებამ გამოიწვია, სავსებით სარწმუნოა.“ - განაცხადა თეიმურაზ გოჩიტაშვილმა.
რაც შეეხება მომხმარებელების მხრიდან მოყვანილ არგუმენტს, რომ მათ გაზის გამათბობლები გასულ თვესაც იმავე ტემპერატურაზე ჰქონდათ ჩართული, როგორზეც წინა თვეში, მაგრამ მაინც განსხვავებული და გაზრდილი გადასახადი მიუვიდათ, ექსპერტის აზრით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს მრიცხველის გაფუჭება ან რამე ადგილობრივი ხარვეზი, რაც მომხმარებლებმა აუცილებლად უნდა გამოარკვიონ.
,,რადგანაც მოხმარებული ბუნებრივი აირის გაზრდილ გადასახადზე პრეტენზიას ერთეული მოქალაქეები აცხადებენ, საჭიროა, რომ ყოველი კონკრეტული შემთხვევა სპეციალისტებმა შეამოწმონ და დარწმუნდნენ, რამდენად გამართულად მუშაობს მათი მრიცხველი ან გაზის გაყვანილობაში ხომ არ არის რამე დაზიანება. ამიტომ, ვისაც ეჭვი ეპარება და მიაჩნია, რომ რაც ქვითარზეა აღნიშნული იმდენი ოდენობის გაზი არ მოუხმარია, უნდა დაუკავშირდეს მომწოდებელს და ადგილზე შემოწმდეს პირობები. თუ მომწოდებელს არ ენდობიან, ამ შემთხვევაში ენერგოომბუდსმენს უნდა მიმართონ. თუ მასაც არ ენდობიან და თავიანთი სიმართლის დამტკიცება სურთ, მაშინ კერძო სპეციალისტი დაიქირავონ და გაზის მრიცხველიც და გაზგაყვანილობაც მას შეამოწმობინონ.“ - აცხადებს თეიმურაზ გოჩიტაშვილი.

ირმა ბერიშვილი


10-01-2017, 12:31

4 253

უკანასკნელი სიახლეები

რეკლამა საიტზე